ვახტანგ გომელაური - პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ
პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ფასდაუდებელი შრომისთვის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წელი ნამდვილად იყო მოულოდნელი და რთული გამოწვევების წელი.
„მსოფლიო ახალი „კოვიდ 19“-ის პანდემიის წინაშე სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა, ამ მხრივ არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. პანდემიამ სრულიად შეცვალა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგი, შესაბამისად, ჩვენიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი გუნდი – სხვადასხვა დეპარტამენტის შემადგენლობით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ახლაც მუშაობს. ერთდროულად ვზრუნავდით ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავდით და ვაკონტროლებდით საზღვარს, ვებრძოდით კრიმინალს, ვიცავდით ადამიანის უფლებებს, ვებრძოდით ხანძრებსა და სტიქიებს, უზრუნველვყოფდით უსაფრთხო საარჩევნო გარემოს, ვასრულებდით ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვზრუნავდით საგზაო უსაფრთხოებაზე, ვაუმჯობესებდით ტექნიკურ აღჭურვას, ვზრუნავდით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სოციალური პაკეტების გაუმჯობესებაზე და ამ ყველაფრის პარალელურად, პანდემიის პირობებში, მთავრობასთან კოორდინირებულად, 24-საათიან რეჟიმში ვასრულებდით და ახლაც ვასრულებთ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. პანდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ფასდაუდებელი შრომისათვის.
პანდემიის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი დანაყოფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. გვიწევდა საგუშაგოების მოწყობა, ჩაკეტილი ქალაქების კონტროლი. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ ამ ქალაქებში თვეობით ჩარჩენილი, საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილი ჩვენი პოლიციელები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში, რაც კონკრეტულ ციფრებში აისახა კიდეც“, – განაცხადა გომელაურმა.
მან რამდენიმე მაგალითიც დაასახელა: 2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა ხუთი კანონიერი ქურდი; „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 49 პირი; ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულია 71 პირი; საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“; პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობაში ჩართული 16 პირი; დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია ; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა 89 კილოგრამი „ჰეროინი“; ერთი კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბოტექსი“/„სუბოქსინი“; 6,5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
„ალბათ, ყველას გახსოვთ საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარებული, გახმაურებული სპეცოპერაცია ბათუმში, როცა ჩვენმა სამსახურებმა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით ამოიღეს 40 კგ „ჰეროინი“, რომლის საბაზრო ღირებულება „შავ ბაზარზე“ ორ მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს იყო წარმატებული ოპერაცია საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა გომელაურმა.