ვახტანგ გომელაური - პირადად ჩემთვის და პოლიციისთვის, დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა
ერთდროულად ვზრუნავთ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავთ და ვაკონტროლებთ საზღვრებს, ვებრძვით კრიმინალს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„პირადად ჩემთვის და პოლიციისთვის, დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა. პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობაში კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლის დროს ხშირია მომენტი, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ მყისიერად, თუმცა ადამიანის სიცოცხლის დაცვა ამ გადაწყვეტილებების დროს ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია. ერთდროულად ვზრუნავთ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავთ და ვაკონტროლებთ საზღვრებს, ვებრძვით კრიმინალს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ვებრძვით ხანძრებსა და სტიქიებს, ვზრუნავთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. ამასთანავე, ვმუშაობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების, ასევე, სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ღონისძიება თბილისში, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.