ვახტანგ გომელაური - პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე, არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, რომლის საფასურიც არავითარი ოდენობის თანხა არ არის.
გომელაურმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ დაადასტურა, რომ შესრულდა „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირის მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით.
„პირადად ჩემთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე. არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 მილიონი, თუ 100 მილიონი. გინდათ, დადასტურებად ჩათვალეთ. დასამალი რა არის, კი, ბატონო, შესრულდა. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წაიღო. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი, ბევრჯერ დასახელდა, დასამალიც არ არის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.