ვახტანგ გომელაური - პარლამენტი თუ დაგვიბარებს, რეგლამენტის ფარგლებში, ვალდებული ვარ, მივიდე და პასუხები გავცე
მე, რა თქმა უნდა, მივედი პარლამენტში, ჩემი მოვალეობა შევასრულე, თუმცა, სამწუხაროდ, რაც იქ მოხდა, არ ვიცი, ალბათ, ცირკს თუ დაარქმევდით, რაც ჩაიდინეს, ასეთი რაღაც პარლამენტში არ მინახავს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი პარლამენტში დაიბარებენ, მზადაა, საკანონმდებლო ორგანოში კიდევ მივიდეს.
„პარლამენტში მისვლა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს კანონის ფარგლებში, ჩარჩოებში ხდება, გიბარებენ და ვალდებული ხარ მინისტრი, მიხვიდე, მოხსენება გააკეთო, მწვავე იქნება ეს თუ არ იქნება, კითხვებზე პასუხები უნდა გასცე. მე მივედი, ჩემი მოვალეობა შევასრულე, თუმცა, სამწუხაროდ, რაც იქ მოხდა, არ ვიცი, ალბათ, ცირკს თუ დაარქმევდით, რაც ჩაიდინეს, ასეთი რაღაც პარლამენტში არ მინახავს. ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. იქ ბევრი პატივსაცემი ადამიანი იჯდა, ოპოზიციის რიგებში. მისაღებია პროტესტი, თუნდაც სურათებით, დადგომა იყო, თუ დაჯდომა – მე პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, მესმის, მით უმეტეს, ჟურნალისტებისგან, მათი კოლეგა გარდაიცვალა და ძალიან კარგად მესმის ეს და ძალიან მძიმეა, თუმცა, მაგიდაზე ახტომები და ჩამოხტომები… რატომ არ გავეცი პასუხი და რატომ არ დავრჩი იქ – ეს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. რეგლამენტია, არის პარლამენტის თავმჯდომარე, ის იღებს გადაწყვეტილებებს – მე უნდა გავაგრძელო კითხვებზე პასუხი, თუ უნდა დავტოვო.
სხდომა გადაიდო და სად დავრჩებოდი, გარეთ ხომ არ მოვუყვებოდი ამ ადამიანებს? თუმცა, მზად ვიყავი და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის რიგებში ბევრი იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც მართლა აინტერესებდა კითხვებზე ჩემი პასუხი. ისინი მიიღებდნენ, თუ არ მიიღებდნენ, მათი გადასაწყვეტია. რამდენიმე ადამიანმა ატეხა ქაოსი და უბედურება. თუ დაგვიბარებს პარლამენტი, თავის რეგლამენტის ფარგლებში, ვალდებული ვარ მივიდე და პასუხები გავცე. რა თქმა უნდა, ეს ჩემს ნება-სურვილზე არაა დამოკიდებული. ვალდებული ვარ, როდესაც დამიბარებენ, მივიდე. არ ვიცი, ალბათ, როცა თავად დამიბარებენ, მაშინ, როცა გადაწყდება, მივალ”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.