ვახტანგ გომელაური - პანდემიის გამო, შსს-ს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით უხდებოდა
ვახტანგ გომელაური - პანდემიის გამო, შსს-ს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით უხდებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანდემიის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით უხდებოდა.

როგორც გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, დღემდე მომსახურების სააგენტომ ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს გაუწია მომსახურება.

კერძოდ, მისი თქმით, დაწესებული რეგულაციების დაცვით მუშაობს დაცვის პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, რომელშიც მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ დაცვის პოლიციის ყველა მომსახურება, ერთიან სივრცეში. ამასთან, მომსახურების სააგენტომ დაიწყო დამატებით ახალი ტიპის ცნობების გაცემა (მაგალითად, „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“). წელსვე ამოქმედდა იარაღის რეგისტრაციის დისტანციური მომსახურება.

მისივე თქმით, მზადების პროცესშია ინოვაციური სერვისი, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია/გადაფორმებას. ასევე, სააგენტო მოქალაქეებს შესთავაზებს სანომრე ნიშნების შეცვლის გამარტივებულ, დისტანციურ საკურიერო სერვისს.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი კოვიდრეგულაციების დაცვით 2020 წელს 400 000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა.