ვახტანგ გომელაური - პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მაშველები განაგრძობდნენ სტიქიებთან ეფექტიან ბრძოლას
ვახტანგ გომელაური - პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მაშველები განაგრძობდნენ სტიქიებთან ეფექტიან ბრძოლას

პანდემიიდან გამომდინარე, სხვადასხვა უწყებაში არსებული სამსახურების უმეტესი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სამინისტროში არსებობენ სამსახურები, რომელთა მუშაობა დისტანციურად წარმოუდგენელია. ამისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარება სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაიხსნა სამი ახალი სახანძრო-სამაშველოს შენობა – ბორჯომში, ჩხოროწყუსა და ანაკლიაში.

„2020 წელს სამსახური 30 ახალი ევროპული სტანდარტის, „ივეკო მაგირუსის“ მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანითა და ახალი ტექნიკური აღჭურვილობით შეხვდა. გაუმჯობესდა ჩვენი მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობები და წელს პირველად მოხდა ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა.
წელსვე გაიხსნა სამი ახალი სახანძრო-სამაშველოს შენობა – ბორჯომში, ჩხოროწყუსა და ანაკლიაში.

ივნისიდან ყველა მეხანძრე-მაშველს, ისევე, როგორც შინაგან სამინისტროს სხვა დანაყოფების თანამშრომლებს, ელფასი გაეზარდათ.

პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მაშველები განაგრძობდნენ ხანძრებთან, სტიქიებთან და უბედურ შემთხვევებთან ეფექტიან ბრძოლას.

ყველას ახსოვს რაჭის სტიქია. მეხანძრე-მაშველებმა სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 706 მოქალაქე, ააგეს დროებითი საბაგირო გზები, რომელთა დახმარებითაც ხდებოდა მედიკამენტებისა და პროდუქტის მიწოდება.
წელს მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს რამდენიმე ათეული ტყის ხანძარი. სირთულით გამოირჩეოდა სვანეთში გაჩენილი ხანძრები. იყო შემთხვევები, როცა რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო სპეცტექნიკის მისვლა ვერ ხერხდებოდა და ჩვენი მეხანძრე-მაშველები ხშირ შემთხვევაში სამთო აღჭურვილობის გამოყენებით – ქვეითად მიდიოდნენ ცეცხლთან და დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

წელს გვქონდა რამდენიმე ბაზრობის ხანძარი. მათ შორის ლილოში, ელიავაზე, წერეთელზე და ვარკეთილში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა. იყო ავტოგასამართი სადგურის აფეთქების და ხანძრის საცხოვრებელ კორპუსზე გადასვლის საფრთხე. მეხანძრე-მაშველებმა  საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა.

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, მაშველებმა გადაარჩინეს 346 მოქალაქის სიცოცხლე.

მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და თითოეულ მეხანძრე-მაშველს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.