ვახტანგ გომელაური - ოპოზიციას რომ ჰკითხოთ, ვინც კარგად მუშაობს, ყველა უნდა გავუშვათ, ადამიანები, რომლებიც შსს-ში თანამდებობებზე ინიშნებიან, არანაირ კორუფციაში არ მონაწილეობენ
ეს ადამიანი ძალიან გამოცდილია, ვერ დავეთანხმები ოპოზიციას, რომ კორუფციის გამო იყო გათავისუფლებული, ეს მათი აზრია, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: „ოპოზიცია თანამდებობებზე კორუფციაში მხილებული კადრების დანიშვნაში გადანაშაულებთ, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში გენინსპექციის უფროსად დანიშნეთ პირი, რომელიც სუს-იდან კორუფციის ბრალდებით იყო გათავისუფლებული“.
გომელაურის თქმით, ადამიანები, რომლებიც შსს-ში თანამდებობებზე ინიშნებიან, არანაირ კორუფციაში არ მონაწილეობენ.
„ადამიანი, ვისზეც საუბარია, ძალიან გამოცდილია. მე ვერ დავეთანხმები იმას, რომ ის კორუფციის გამო იყო გათავისუფლებული, ეს მათი აზრია. გუშინ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა ბატონმა არჩილ თალაკვაძემ. მათ რომ ჰკითხოთ, ვინც კარგია და კარგად მუშაობს, ყველა უნდა გავუშვათ, რადგან მათ არ მოსწონთ. მე ვარ ხელმძღვანელი, ვარ პასუხისმგებელი ამ ადამიანებზე და ისინი არანაირ კორუფციაში მონაწილეობს არ იღებენ. ეს კონკრეტული პირი ძველი, გამოცდილი თანამშრომელია, დიდი ხანია, მუშაობს. პატივს ვცემ მას და პირიქით – დიდი პატივია, რომ ჩვენთან მუშაობს და ჩვენს რიგებშია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.