ვახტანგ გომელაური - ოპერატიული, საგამოძიებო, საუბნო მიმართულებები გაიმიჯნა ერთმანეთისგან, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2023 წელი მნიშვნელოვანი იყო კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმართულებითაც. ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო.
„რეფორმის ფარგლებში გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახება გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტურობაზე. ამავე რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო. მოგეხსენებათ, რაჭაში გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც გააჩინა საჭიროება პოლიციის ცალკე დანაყოფის შექმნის. რაჭის პოლიციის დეპარტამენტი 2007 წელს გაუქმდა და მას შემდეგ ცალკე დანაყოფად აღარ ფუნქციონირებდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.