ვახტანგ გომელაური - ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია
ვახტანგ გომელაური - ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველო უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ეხმარება.

მისი თქმით, საქართველო უკრაინას გვერდით უდგას.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით გაიგზავნა დახმარება უკრაინაში. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებული, რამდენიმე წლის წინ ომი იყო საქართველოში, დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რუსული ჯარები დგას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვაქვს დიდი დახმარების შესაძლებლობა, როგორც გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის დიდ ქვეყნებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას. ჩვენ მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ უკრაინას“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის საკითხზე, მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის ამ ქმედების მიზეზი გაუგებარია.

„არ მინდა ასეთ თემებში შევიდე. სამწუხაროდ, აქედან გაიწვიეს ელჩი და ბელორუსში დატოვეს, ესეც გაუგებარია ჩემთვის. ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ. მან თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში არ ჯდება. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია“, – განაცხადა გომელაურმა.