ვახტანგ გომელაური - ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა გაზრდილია, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნაცემი დაგვხვედრია ქმარიც, დედაც
ვახტანგ გომელაური – ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა გაზრდილია, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნაცემი დაგვხვედრია ქმარიც, დედაც, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობის ფაქტების შესამცირებლად საჭიროა, საზოგადოებაც ჩაერთოს და ასეთი ფაქტების შესახებ პოლიციას შეატყობინოს.
„ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა გაზრდილია. შარშან თუ იყო პირობითად 400, დღეს 500-ია. ხშირია შემთხვევა, როდესაც მეზობელი რეკავს და გვატყობინებს, რომ არის ხმაური. მივდივართ და ბავშვი ან მეუღლეა ნაცემი. იშვიათად, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ნაცემი იყო ქმარი, თავგატეხილი დაგვხვედრია, ცოლმა ჩამარტყაო. შეიძლება, გვეღიმება, მაგრამ მართლა ყოფილა ეს შემთხვევაც. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ვიწყებთ გამოძიებას და მივყვებით. ასევე შემოსულა ზარი, რომ დედა ყოფილა ნაცემი შვილის მხრიდან. როცა ეკითხებიან, რატომ არ დარეკეთ, პასუხობენ, რომ ეს დიდი ხანია, ხდება, როგორ დამერეკა, შვილს ხომ არ დავაჭერინებო და მეზობლის დარეკილზე მივსულვართ. დიდი უბედურებაა ჩემთვის და ალბათ ყველა ჩვენგანისთვის, ქართველი კაცისთვის მით უმეტეს. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ. ალბათ საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს, ის მეზობელიც, ვინც იქნება, ძმა, და, დედა, შვილი, ყველა უნდა ჩაერთოს და არ უნდა იყოს სირცხვილი პოლიციას შეატყობინო. ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.