ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა, ვაჰე ღაზარიანმა უმასპინძლა.
შეხვედრის დაწყებამდე, ვახტანგ გომელაურმა, დელეგაციის წევრებთან და სომხეთის პოლიციის უფროსთან ერთად, გვირგვინით შეამკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების მემორიალური კედელი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებიან მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები – იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს.
„ვახტანგ გომელაურმა და ვაჰე ღაზარიანმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სომხეთის ახლად შექმნილ საპატრულო სამსახურს წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის დასასრულს, სომხეთის პოლიციის უფროსის – ვაჰე ღაზარიანის ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური და საქართველოს დელეგაციის წევრები დაჯილდოვდნენ მედლით – „თანამშრომლობის გაძლიერებისათვის“.