ვახტანგ გომელაური - ნახეთ, რომ გუშინ გუმათში ხელი დაარტყეს პოლიციელს, ძალიან ცუდი ფაქტია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს
გუშინ ნახეთ, რომ გუმათში ხელი დაარტყეს პოლიციელს, ძალიან ცუდი ფაქტია და ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველები „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხეობაში შესვლის უფლებას თუ მისცემენ, ვითარება უფრო დაიძაბება.
„ნამახვანჰესს რაც შეეხება, ხედავთ, რომ რამდენიმე თვეა, პოლიციელები გუმათში დგანან და მაქსიმალურად ცდილობენ, შეხლა-შემოხლა არ მოხდეს. გუშინ ნახეთ, რომ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რომელიც ძალიან ცუდი ფაქტია და ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს. ასეთი რამ არ მომხდარა ამ დრომდე. აქციის მონაწილეებიც და პოლიციელებიც იცავდნენ დისტანციას, იყვნენ ძალიან წყნარად. გუშინ რატომღაც აგრესია გამოხატეს. რკინის ჯებირები დაგვჭირდება, თუ დაბალი ჯებირები, იქიდან გამომდინარე, რომ იცით, იქ ერთხელ შიგნით ტექნიკა დაუწვეს, მოხდა მუშებთან შეხლა-შემოხლა და ადგილობრივ „ენკას“ ხელმძღვანელობასთან. აქციის მონაწილეები რომ შევუშვათ, მოხდება უფრო მეტი დაძაბულობა, დაშავდნენ კიდეც მოქალაქეები. სპეცრაზმიც განმუხტავს და მუხტავენ კიდეც ვითარებას პოლიციელები. სპეცდანიშნულების რაზმს, რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის გაზი იქნება, წყლის ჭავლი თუ რაც იქნება, თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, მათ კანონიერი უფლება აქვთ, ყველაფერი გამოიყენონ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჰესის მშენებლობის ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.