ვახტანგ გომელაური - მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დანერგილი სერვისების შესახებ ისაუბრა და დაგეგმილი პროექტები წარადგინა.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა და მოქალაქეებს სერვისების ნაწილი ონლაინ, დისტანციურად მიეწოდებოდათ.
გომელაურმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა.
„2020 წლის ოქტომბრიდან, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, დისტანციურად, სააგენტოში მოსვლის გარეშე განახორციელონ იარაღის რეგისტრაცია. იარაღის რეგისტრაციისას სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საფოსტო მომსახურებასაც. რუსთავში განახლდა ცენტრალური სარეგისტრაციო დარბაზი და სააგენტოს თანამშრომლებს განუახლდათ ფორმები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, მომსახურების სააგენტოში დისტანციური მომსახურების სხვა სერვისებიც დაინერგება.
„მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებებს ონლაინ, სპეციალური პროგრამის საშუალებით დაარეგისტრირებენ. იგეგმება მოპედების რეგისტრაცია, მოპედებზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.