ვახტანგ გომელაური - მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტებსა და პოლიციელების შეიარაღების განახლებაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში, მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, რეფორმის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი.
„გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად, მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი. პარალელურად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიზნით, მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.