ვახტანგ გომელაური - მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, დღეის მდგომარეობით წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ
მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, კერძოდ, ირლანდიის რესპუბლიკასა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარიგზავნენ პოლიციის ატაშეები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, დამატებით გადაიფარა 12 ქვეყანა.
„მინდა მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, საიდანაც 36 სახელმწიფო იფარება, აგრეთვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან ატაშეების ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
„გასულ წელს 12 მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. მინდა, გამოვყო ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპელ კოლეგასთან. საქართველოს ისტორიაში პირველად, გერმანიის და ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, ასევე, გვქონდა ვიზიტები და ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და უნგრეთში შინაგან საქმეთა მინისტრებთან. ჩემი მოადგილეები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და კოლეგებთან შეხვედრები გამართეს პოლონეთში, ისრაელში, თურქეთში, ლიეტუვაში, ავსტრიისა და ლატვიის რესპუბლიკებში. ოფიციალური ვიზიტების გარდა, პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან ოქმსა და ხელშეკრულებას. აქტიურად გაგრძელდა როგორც გაცვლითი სასწავლო პროგრამები, ასევე ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება დონორების მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.