ვახტანგ გომელაური - მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნაადრევი ქორწინების, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ დანაშაულების, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულთა კუთხით
ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორებიც არის ნაადრევი ქორწინება, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ, ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან ერთად, გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები შეიმუშავა.
„განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შემაკავებელი ორდერის და რისკების შეფასების განახლებული ინსტრუმენტი ამოქმედდა, შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი. მექანიზმი ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა, რაც აღნიშნულია რეკომენდაციების შესრულების დოკუმენტში. ადამიანის უფლებების დეპარტამენტმა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გასულ წელს არაერთი საინფორმაციო კამპანია თუ აქტივობა განახორციელა“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.