ვახტანგ გომელაური - მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ – 2023-ის“ გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა.
ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის. დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში მიმდინარე პროცესების გასაცნობად, არამედ ამ სფეროში მსოფლიოში არსებულ ძირითად ტენდენციებზე მსჯელობისთვის. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ფორუმს ესწრებიან კიბერუსაფრთხოების სფეროს წამყვანი ექსპერტები და ოფიციალური წარმომადგენლები ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ჩვენი მიზანია, ფორუმის საშუალებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ხელი შევუწყოთ ამ სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.