ვახტანგ გომელაური მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფ მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე.
ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების საკითხზე და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას.
თავის მხრივ, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მზაობა გამოხატა.
შეხვედრის დასასრულს იოახიმ შტამპმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მხარეები არაერთი წარმატების მიღწევას შეძლებენ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.