ვახტანგ გომელაური მედიის წარმომადგენლებსა და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას მადლობას უხდის
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით საუბრისას მედიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გომელაურის თქმით, ასეთ დროს თანამშრომლობა და გვერდში დგომა მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას.
„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გითხრათ თქვენ, პრესის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის თანამშრომლობა, ურთიერთობა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის, გვერდში დგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ამ შემთხვევაში. მადლობა ყველაფრისთვის, ვინც გვერდში დაგვიდექით გუშინ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.