ვახტანგ გომელაური - მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ მოქალაქეებისა და ქვეყნის დასაცავად, მადლობას ვუხდი თანამშრომლებს, რიგითიდან დაწყებული, ჩემი მოადგილეებით დამთავრებული
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს თითოეული დანაყოფი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამინისტროა, 43 ათასზე მეტი თანამშრომელი გვყავს უწყებაში. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის დასაცავად, დაწყებული საზღვრიდან, საიდანაც იწყება და მთავრდება ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, შუაგულში, დედაქალაქში. როგორც კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიცია, ასევე სამაშველო და სახანძრო სამსახურები ძალიან ბევრს აკეთებენ და ძალიან ბევრს შრომობენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლიციის თანამშრომლებს.
„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მაღალი ტრიბუნიდან ჩვენს თანამშრომლებს, დაწყებული რიგითიდან, დამთავრებული ჩემი მოადგილეებით, ყველას“.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა უწყება გამართულად მუშაობდეს.
„ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. არის კითხვები, ხანდახან კრიტიკულიც, არის – პასუხები. შევეცადე, გულწრფელად მეპასუხა. რა თქმა უნდა, არის პატარა პრობლემები, რომლებზეც ვმუშაობთ. 100%-ით გამართული სამინისტრო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინიმალური ჩავარდნები იყოს მუშაობაში. ჩვენ ვისაუბრეთ მძიმე თემებზე, როგორიცაა ბავშვების, მოზარდების თემა, არასრულწლოვნებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რაც ნამდვილად უმძიმესია, რომ არ ჩავთვალოთ სხვა კრიმინალური დანაშაულები. მაქსიმალურად ვიმუშავებთ სხვა სამინისტროებთან ერთად, თქვენთან, საზოგადოებასთან ერთად, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები უფრო ნაკლები მოხდეს და მაქსიმალურად დროულად დავიცვათ ჩვენი ბავშვები, დედები, მეგობრები და ყველა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.