ვახტანგ გომელაური მამისონის სასაზღვრო სექტორში იმყოფებოდა
ვახტანგ გომელაური მამისონის სასაზღვრო სექტორში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მეორე დღეა, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი სტიქიის ზონიდან მამისონის სასაზღვრო სექტორში გაემგზავრა.

„ვახტანგ გომელაური რაჭაში, სასაზღვრო სექტორში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. მინისტრი სექტორში მომუშავე მესაზღვრეებს შეხვდა, გაესაუბრა და მათგან მოისმინა სასაზღვრო სექტორში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია.

სტიქიის ღამეს მამისონის სექტორში მომუშავე მესაზღვრეებმა რვა ადამიანის სასაზღვრო სექტორში უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყვეს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ მთელი ღამის განმავლობაში. მამისონის სასაზღვრო სექტორში, მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.