ვახტანგ გომელაური - მადლობა სამართალდამცველებს, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა
მადლობა სამართალდამცველებს, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი პირი უკვე დაკავებულია და ის კახეთის მკვიდრია.
„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, როგორც ჩემთვის ცნობილია, კახეთიდან არის. დავაკავეთ, მადლობა ყველას, ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს მოქალაქეებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა“, – განაცხადა გომელაურმა.
ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა. ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო, ნაწილი კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენობაში რჩებოდა. მოგვიანებით შსს-მ დაადასტურა, რომ ყველა მძევალი თავისუფალი იყო და არც ერთი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი გარკვეული რაოდენობის თანხას ითხოვდა.