ვახტანგ გომელაური - მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩაატარეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაური მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებისთვის.
გომელაურმა კომენტარი გააკეთა სუს-ის განცხადებაზე, რომ „კონტრტერორისტულმა ცენტრმა რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო“.
გომელაურის თქმით, საქმეს სუს-ი იძიებს და აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ვერ ისაუბრებს.
„ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ უსაფრთხოების სამსახური იძიებს და წინასწარ ჩემი განცხადებები არასწორი იქნება. სჯობს, განცხადება თავად გააკეთონ. ფაქტი რაც დადეს, ეს არის ფაქტი და რელობა. ამოღებულია ეს ყველაფერი და სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩაატარეს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გომელაურს ასევე კითხვა დაუსვეს „საქართველოში „ფეესბეს“ აგენტების მოღვაწეობაზე“.
„არ ვიცი, ვინ რა თქვა, ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება ითქვას, ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რომ აქ აგენტები არიან. ბევრი რაღაც დაგვაბრალეს ჩვენს მთავრობას, საიდან რა მოიტანეს, არ ვიცი. საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდება უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მოწმდება ყველა. ვისაუბრეთ საზღვრის კონტროლზე, თუნდაც სახის ამომცნობების დამონტაჟებაზე, ახალი პროგრამა დაინერგა და მოწმდება. ბევრად გამკაცრებულია, ვიდრე იყო ორი და სამი წლის წინ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლის შემდეგ.