ვახტანგ გომელაური - ლევან ხაბეიშვილმა ეტყობა, თავისი ლიდერისგან ისწავლა სურათების მოტანა და ტრაფარეტებით სიარული
ლევან ხაბეიშვილმა ეტყობა, თავისი ლიდერისგან ისწავლა სურათების მოტანა და ტრაფარეტებით სიარული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან განცხადებების შინაარსი წლებია, არ იცვლება.
„ოფიციალური ანგარიშის წარდგენა მეთერთმეტედ მომიწია და ყოველთვის გული მწყდება, სამწუხაროა, რომ გადის წლები და ისევ იგივე თემაა, რაც უნდა კარგი რაღაც მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ ვიტყვი, არიან ოპოზიციაში ადამიანები, რომლებიც აფასებენ კარგ საქმესაც. ძველ ამბებს იხსენებენ, თითქოს ადრე კარგი იყო და ახლა ცუდია. პარლამენტთან ანგარიში, ფორმატი მნიშვნელოვანია, თუმცა განცხადებები, რომ აუცილებლად უნდა გამოვიდეს ოპოზიციის წარმომადგენელი, უნდა გალანძღოს და ცუდი თქვას პოლიციაზე, პოლიცია იქნება თუ უსაფრთხოების სამსახური, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ძალიან ცუდი ფორმატია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, ოპოზიცია საუბრობს არა საქმეზე, არამედ თავის მოგონილ ზღაპრებზე.
„ერთ-ერთი ჩემი სახლის სურათი იყო, სად დააგროვე ამდენი ქონებაო. 1994 წლიდან ვმუშაობ. ზოგ-ზოგიერთები მაშინ პატარა ბავშვები იყვნენ, შეიძლება ბაღშიც არ დადიოდნენ. ბატონ ლევანსაც უსწავლია, სურათების ფრიალი. ვისი რა სახლია, რომ ვერ გაურკვევიათ. ძალიან კარგად მახსოვს ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა სურათები რომ ააფრიალა, უკვე მაშინ კანცელარიაში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს. ეტყობა, თავის ლიდერისგან ისწავლა სურათების მოტანა და ტრაფარეტებით სიარული. მეორე სახლი გლდანშიო. თუ მაბრალებ, ბატონო ლევან, იქნებ ან ვაკეში დამაბრალო ან სადმე, უკეთეს ადგილას. მართლა არ ვიცი, ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს აქვს ბიზნესები. რაც შეეხება დავით ველიჯანაშვილს, რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება. 30 წელია, ამ ადამიანს ვიცნობ, ვმეგობრობთ, ერთად ვმუშაობდით. წლებია, ერთად მოვდივართ. თავისი ბიზნესი აქვს და რატომღაც ხაზი გაუსვა, რომ ეს ადამიანი სოციალურად დაუცველი იყოო. თურმე, ახლა გახდა მილიონერი. იქნებ, კარგად მოიკითხოთ ბატონო ლევან და თქვენს მეგობრებსაც ჰკითხოთ, ეს ადამიანი ვინ იყო, რა იყო. 2005-2006-ში როგორ დახვდნენ მამკოდის გზაზე თქვენი ყოფილი ლიდერების დავალებით. ვინ დახვდა, ხაზს აღარ გავუსვამ. როგორ სთხოვდნენ ფირმების გადაფორმებას და ა.შ. იქნებ ამოიღოთ და სოციალურად დაუცველი ვინ იყო მაგ დროს, შეიძლება მოვიძიოთ და საინტერესოდ სხვა აღმოჩნდეს მის მაგივრად“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.