ვახტანგ გომელაური - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინელ მეგობრებს მძიმე დღეები ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ, ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქოს უკრაინელ მეგობრებს მძიმე დღეები და წუთები.
მისივე თქმით, მსოფლიო ლიდერებმა, ლიდერმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი უკრაინაში.
„მინდა, შევეხო უკრაინის საკითხს. ძალიან რთული ვითარებაა უკრაინაში, სამწუხაროდ, დღითი დღე დამძიმდა. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. თითქმის ორი კვირაა, რაც სარდაფებშია ჩასული მოსახლეობა და არ აქვთ წყალი, დენი, აქვთ საკვების პრობლემები. ეს ომი, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და მსოფლიო ლიდერებმა, ლიდერმა ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთონ, რომ ომი შეჩერდეს, აღარ იყოს მსხვერპლი. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მძიმე დღეები და წუთები“, – განაცხადა გომელაურმა.