ვახტანგ გომელაური - გერმანიის მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებულ მიგრაციას, სამუშაო ვიზების გამარტივებას 
ვახტანგ გომელაური - გერმანიის მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებულ მიგრაციას, სამუშაო ვიზების გამარტივებას 

გერმანიასა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფრომებული მიგრაციიის და მობილობის ხეშლეკრულება მოიცავს დებულებებს  უკანონო მიგრაციის შემცირებაზე, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობასა და საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, გერმანიის შს მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და განმარტა, რას მოიცავს დღეს ხელმოწერილი შეთანხმება.

„უპირველესად, მინდა, მადლობა ვუთხრა ქალბატონ მინისტრს ჩამობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. იცით, რომ გერმანია ყოველთვის გვერდში გვიდგას საქართველოს, 90-იანი წლებიდან ყველა მიმართულებით; ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით. იცით რომ სულ ახლახან კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა და ყველას გილოცავთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გერმანიის მხრიდან, ყოველთვის ვგრძნობთ ამას“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ.

„შეთანხმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმდა. შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება, შეთანხმების ფარგლებში მონაცემების გაცვლა ან დაცვა. მიგრაციის შემცირების მიმართულებით პროექტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია შემდეგ მიმართულებებზე: უნებართვოდ მცხოვრებ პირთა უზრუნველყოფის პროცესში თანამშრომლობის განმტკიცება; მოცემული მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაშია შეყვანილი; დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია და დისკრიმაციისგან მათი აქტიური დაცვა, საინფორმაციო კამპანიების განხორციელება გერმანია-საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების დაბალი შანსების შესახებ“, – განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.

ამასთან, როგორც გომელაურმა განმარტა, შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას შემდეგ მიმართულებებით: ცირკულარული მიგრაციისა და სეზონური შრომითი მიგრაციის გაძლიერება გერმანულ შრომით ბაზარზე და ქართველებისთვის შრომითი საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოება.

„ეს ნიშნავს, რომ გამარტივდება სამუშაო ვიზები, რომელზეც დღეს შედარებით პრობლემაა, დღეიდან, შედარებით მარტივი იქნება და ლეგალურად შეეძლებათ ჩვენს მოქალაქეებს, იმუშაონ, დარჩნენ ქვეყანაში, იქაც გაიცემა ეს ვიზა. ამ მიზნით შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ორმხრივ ექსპერტთა ჯგუფის შექმნასაც შესაბამისი სამინისტროებისა და დაწესებულებების მონაწილეობით“, – განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება განათლების მიმართულებას, საქართველოს შს მინისტრის თქმით, ამ სფეროში გაცვლითი მიმართულებით შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია, რომ მხარეები ვალდებულებას იღებენ სტუდენტების სტაჟირებისა და მკვლევრების გაცვლითი გზით განამტკიცონ თანამშრომლობა.

აქვე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან დაატოვებინებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას.

„ამასთანავე, შეთანხმების პროექტის თანახმად, გერმანიის მხრიდან შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს წარმოადგენენ შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო, შრომისა და სოციალური დაცვის ფედერალური სამინისტრო, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო, განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო. ეს იყო ძირითადი მონახაზი, რასაც მოეწერა ხელი, სხვანაირად გავრცელდა სამწუხაროდ გარეთ ინფორმაცია, თითქოსდა, დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა, დაატოვებინებენ ქვეყანას, რაც სიცრუეა. მისია ხორციელდება წლების განმავლობაში, ხაზს ვუსვამ, რადგან მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეიდან ხელი მოეწერება და ჩვენს მოქალაქეებს დაატოვებინებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას და გამოაძევებენ. ეს არის სრული სიცრუე. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, წლების განმავლობაში მისია ხორციელდება, დღესაც ხორციელდება, ჩამოგვყავს ჩვეულებრივად და ეს გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური – გერმანიის შს მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. იცით, რომ გერმანია ყოველთვის გვერდში გვიდგას საქართველოს, 90-იანი წლებიდან ყველა მიმართულებით; ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით.