ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა გერმანიის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გერმანულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე.
ვახტანგ გომელაურმა ქართველი პოლიციის ოფიცრების გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში წარგზავნისთვის მზაობა გამოთქვა და განმარტა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, მეორე მხრივ, უკანონო მიგრაციული ნაკადების კონტროლს.
გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. აგრეთვე აღინიშნა, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფექტიანად ხორციელდება. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და საქართველოს პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სერგო თურმანიძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანული მხარის წარმომადგენლები: გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული მიგრაციის საკითხებში იოახიმ შტამპი, გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბერნდ კრიოსერი, მართვის, დაგეგმვისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ბასტიან ფლაიგი, მიგრაციის, ინტეგრაციის, ლტოლვილებისა და ევროპული ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსი ულრიხ ვაინბრენერი და საერთაშორისო და ევროკავშირის საკითხების შტაბის უფროსი მიხაელ ნიმაიერი.
შეხვედრის დასასრულს ვახტანგ გომელაურმა ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.