ვახტანგ გომელაური - გასულ წელს შსს-ს სისტემაში გარემონტდა და კეთილმოეწყო 97 შენობა, ასევე მოხდა ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება
2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გარემონტდა და კეთილმოეწყო 97 შენობა, მათ შორის 54 შენობა კრიმინალურ პოლიციას ეკუთვნის. აქვე მოგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება, – ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.
„2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გარემონტდა და კეთილმოეწყო 97 შენობა, მათ შორის 54 შენობა კრიმინალურ პოლიციას ეკუთვნის. აქვე მოგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება. ჯამურად, შეძენილია 580 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც გააუმჯობესებს შესაბამისი დანაყოფების ოპერატიულობას და ხელს შეუწყობს როგორც დანაშაულის პრევენციას, ასევე საგრძნობლად შეამცირებს მომხდარ შემთხვევებზე რეაგირების დროს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ თანამედროვე სტანდარტების სამსახურებრივი საშტატო იარაღით აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა, საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების ნაწილი.
მინისტრის თქმით, ვაჩიანსა და ტაბახმელაში პოლიციის ორი ახალი მულტიფუნქციური შენობა აშენდა, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინვენტარით, ხოლო თანამშრომლების გადაიარაღების პროცესი 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდა.
გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე აშენდა სატრანსპორტო საშუალების იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა.
„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მომსახურების სააგენტოშიც. რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე აშენდა სატრანსპორტო საშუალების იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა, სადაც მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლიათ, მიიღონ მომსახურების სააგენტოს სერვისები. ამავე ტერიტორიაზე აშენდა იარაღის რეგისტრაციის, ნებართვებისა და ცნობების გაცემისთვის განკუთვნილი შენობა. იარაღის ბალისტიკისთვის საჭირო სივრცე მოეწყო რუსთავში, აგრეთვე სააგენტო საჩხერისა და ქუთაისის სამსახურებში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.