ვახტანგ გომელაური - გასულ წელს პოლიციამ 202 ნარკორეალიზატორი დააკავა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ციფრია
გასულ წელს პოლიციამ 202 ნარკორეალიზატორი დააკავა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ციფრია. ასევე დაკავებულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 62 პირი, დაიხურა 12 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურმა კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგის სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ გასულ წელს 184 კიბერდამნაშავე დააკავეს, ტრეფიკინგის ბრალდებით კი პასუხისგებაშია მიცემული ხუთი პირი, ამასთანავე, ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით შექმნილმა მობილურმა ჯგუფებმა რისკის შემცველი ათეულობით ობიექტი შეამოწმეს.
„დაკავებულია და სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული 184 კიბერდამნაშავე. ტრეფიკინგის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული ხუთი პირი. ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით შექმნილმა მობილურმა ჯგუფებმა რისკის შემცველი 40 ობიექტი შეამოწმეს. 2021 წლის მსგავსად, ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, საქართველო ადგილს იკავებს მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.