ვახტანგ გომელაური - განცხადებები, თითქოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდებაა
ვახტანგ გომელაური - განცხადებები, თითქოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდებაა

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმ საკითხს, თითქოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო და არგუმენტად მოყვანილია საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრებები. აღნიშნული არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში 15:12 საათზე გაემგზავრა და, მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა, დაახლოებით ნახევარ საათში, 15:40 წუთზე მივიდა ადგილზე.

„რეალურად, შოვის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში პირველი შეტყობინება 3 აგვისტოს, 15:07 საათზე შევიდა. შეტყობინების ხანგრძლივობა იყო დაახლოებით ორი წუთი, რის შემდეგაც 112-დან 15:10 საათზე ინფორმაცია უკვე ჰქონდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციის ადგილობრივ დანაყოფს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში მინიმალურ დროში – 15:12 საათზე გაემგზავრა და, მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა, დაახლოებით ნახევარ საათში, 15:40 საათზე მივიდა ადგილზე. შესაბამისად, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შოვში სამაშველო სამუშაოები დაიწყო დაუყოვნებლივ. მას შემდეგ, რაც ონის სამაშველო ჯგუფი შევიდა სტიქიის ზონაში, ამბროლაურიდან წასულმა ჯგუფმა ვეღარ შეძლო იმავე მარშრუტით გადაადგილება, რადგან მეწყერმა წაიღო სოფელ გლოლასთან არსებული ხიდი, რომლის საშუალებითაც პირველი ჯგუფი მივიდა სტიქიის ზონამდე. ამის გამო ამბროლაურიდან წასულ სამაშველო ჯგუფს მოუწია შემოვლითი გზით სარგებლობა და სტიქიის ადგილზე 16:05 საათზე მივიდნენ. შემდგომ სტიქიის ზონაში შევიდნენ ონისა და ამბროლაურის დამატებითი სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მისულმა პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, შემოვლითი გზებით, ტყის მასივიდან მოახერხეს ცალკეულ ლოკაციებზე მყოფ მოქალაქეებთან მისვლა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.