ვახტანგ გომელაური - გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების მოწყობა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება გაამახვილა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში განხორციელებულ პროექტებზე.
„2020 წელს ავჭალაში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დროებითი მოთავსების 30 იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 23-ში ფუნქციონირებს. პუნქტების რაოდენობის გაზრდა წელსაც გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგისა და სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქციის შესახებაც ისაუბრა.
„გასულ წელს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, შემუშავდა და შს მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების ინსტრუქცია. სამედიცინო შემოწმების კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2020 წლის დასაწყისში დამტკიცდა სამედიცინო შემოწმების ჩატარების დეტალური ინსტრუქცია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, 2020 წლის 26 მარტიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, იზოლატორში მოთავსებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება დაიწყო.