ვახტანგ გომელაური - ესებუას თემა სახუმარო არ არის, ვფიქრობ, პირველ რიგში, ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას ძებნა კვლავ გრძელდება.
გომელაურის თქმით, ესებუას თემა სახუმარო არ არის და მიაჩნია, რომ პირველ რიგში, სწორი იყო, რომ ოპერაციის დროს სისხლი არ დაიღვარა.
„ბადრი ესებუას ვეძებთ. სახუმარო თემასავით გახდა, სახუმარო თემა არ არის. ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ – არის ადამიანი, რომლსაც 20 წელი და 18 წელი ვეძებდით. მაგალითად, 2021 წელს დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც პოლიციელი ჩაცხრილა მანქანაში. ყველას უნდოდა მისი დაკავება, რა თქმა უნდა, ბატონ მერაბიშვილს, მის გუნდს, მაგრამ ვერ დააკავეს, მიიმალა ეს ადამიანი. ნუ უყურებთ ისე, რომ ეს კატასტროფაა. მე, პირველ რიგში, მიმაჩნია, ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციები, თუმცა ნეტავ, ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს, მაგრამ ამის გარანტიას ვერავინ ევრავის მისცემს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე, დატოვა თუ არა ბადრი ესებუამ ქვეყანა, გომელაურმა უპასუხა: „არ ვიცი, შეიძლება“.
2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.