ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ორმხრივი ცეცხლის პირობებში მუშაობდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა იმ მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ორმხრივი ცეცხლის პირობებში მუშაობდნენ.
როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ.
„მინდა შევეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მაგარი ადამიანები მუშაობენ ამ სამსახურში. სადაც ყველაზე ცხელი წერტილია, ეს ადამიანები იქ არიან. მე მახსოვს, ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ორმხრივი ცეცხლის დროს როგორ აქრობდნენ მეხანძრეები ბინებზე წაკიდებულ ცეცხლს. მართლა გმირები არიან და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც იქ იდგა და ამას აკეთებდა. მაშინ არ მქონდა საშუალება, რომ მადლობა გადამეხადა მათთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ეფექტიანობის გაზრდისთვის დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საოპერაციო რესურსების განვითარება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდისთვის დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საოპერაციო რესურსების განვითარება, მზადყოფნის დონის ამაღლება და რეაგირების ხარისხის გაზრდა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ აღჭურვას. ვგეგმავთ სახანძრო-სამაშველო ობიექტების მშენებლობას ანაკლიაში, ზუგდიდში, მარტვილში, სიღნაღში, ბორჯომში, ჩოხატაურში, ჩხოროწყუსა და აბასთუმანში. ასევე, წლის ბოლომდე სამსახური აღიჭურვება 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონმა ირაკლიმ კარგად იცის, როგორ გვიჭირს ამ მიმართულებით და რა ძვირი ღირს თითოეული ეს მანქანა. სპეცმანქანებია და ძალიან კარგია, რომ ეს უკვე დაგეგმილია, შესყიდულია, წელს უკვე ჩამოვა და დაურიგდება სხვადასხვა ქალაქს. ჩვენი ამოცანაა, რომ რესურსები მივმართოთ არა მხოლოდ სამსახურის ტექნიკური და ტექნოლოგიური აღჭურვისა და განვითარებისკენ, არამედ მეხანძრე მაშველების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერებისკენ. ამ მიმართულებით ევროკავშირთან ერთად ვიმუშავებთ მეხანძრე-მაშველებისთვის სპეციალური სასწავლო მოდულის შემუშავებაზე, რომელიც ჩამოყალიბდება, როგორც სისტემაში ახალმოსული პირებისთვის საბაზისო სასწავლო კურსი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.