ვახტანგ გომელაური - დაწყებულია დიდი გამოძიება, გამოყოფილია ერთი საქმე, რომლის ფარგლებშიც იქნება გამოკვლეული დმანისში ჟურნალისტების დაზიანების ფაქტიც
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების დაზიანების ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
„რაც შეეხება იმ ინციდენტს, რაც მოხდა ქვემოთ, 5-6 ლოკაციაზე იყვნენ პოლიციელები განაწილებული და სამწუხაროდ, არა მხოლოდ დმანისიდან ჩასულები, თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა ვითარება და მოხდა შეხლა-შემოხლა. როგორც ვიცით, ასევე დაზიანდნენ ჟურნალისტები, ამაზეც, რა თქმა უნდა, ერთობლივი, დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული“, – აღნიშნა გომელაურმა.
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც სცემეს მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მათ შორის, დმანისის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს.