ვახტანგ გომელაური - დანაშაულის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ წაეღო მტკიცებულებები გენინსპექციაში ან პროკურატურაში, ექვსი წელი თუ დევნიდნენ, როგორ მუშაობდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ პატრულ-ინსპექტორმა დანაშაული ნახა და უკანონო ბრძანება მიიღო, დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინა გენერალური ინსპექციისთვის ან პროკურატურისთვის.
„გავიგეთ, რა თქმა უნდა, რომ უმნიშვნელო ინციდენტი მოხდა – მე ასე დავარქმევდი. ასეთი პრეცედენტი ძალიან ბევრია, თუნდაც აქციების დროს, ამაზე 10-ჯერ მძიმე ფაქტები ხდება, როდესაც არ ვაკავებთ. რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო, აგრესიული გახდა ეს ადამიანი. ამ ვიდეოს წინ რა უძღოდა, რატომ გახდა აგრესიული, ის არ ჩანს. როგორი ადამიანია ის, ამის შეფასების უფლებას თავს არ მივცემ, ოჯახმა თავად გააკეთა განცხადება. ეს პრეცედენტი მოხდა ექვსი წლის წინ. ნამდვილად არც მახსოვდა, დვალიშვილი იყო, თუ სხვა გვარი. რაც შეეხება დევნას – რეფორმა გაკეთდა ჩვეულებრივ საპატრულო პოლიციაში და მას უწევდა სხვა თანამდებობაზე გადასვლა. მინდა, ხაზი გავუსვა, თუ მან ნახა, რომ დანაშაული მოხდა, ის ვალდებული იყო, წაეღო მტკიცებულებები გენინსპექციაში ან პროკურატურაში, არ უნდა შეენახა ვითომ „თავდაცვის“ მიზნით. ვინ დევნიდა? ექვსი წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ მისმა მეუღლემ დაიწყო მუშაობა უწყებაში. როგორ ფიქრობთ, ექვსი წელი რომ უსაფრთხოების სამსახურისგან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი, იმუშავებდა კიდევ? რაც ამ ადამიანმა გააკეთა დღეს, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. მოქალაქის ქმედებაც მოსაწონი არ არის, რა თქმა უნდა. პატრულ-ინსპექტორმა უნდა დასაჯოს ის. თუ არასწორი მითითება მისცა მისმა ხელმძღვანელმა, უნდა გაესაჩივრებინა და არა შეენახა. მინისტრის მოადგილის მძღოლი არც ერთი პატრულის თანამშრომელის უფროსი არ არის, ჩემი მძღოლიც არ არის არც ერთი პატრულ-ინსპექტორის უფროსი. პროკურატურაში შეიტანა ამ ადამიანმა, იმედია, სრული ვიდეო ექნება შენახული, თუ არ წაშალა, რაც თვითონ არ აწყობდა. პროკურატურა იძიებს და დაველოდოთ“ ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.