ვახტანგ გომელაური - დამაბრალეს, თითქოს თათბირებს ვატარებდი, ვკრებდი ხალხს და თუ არ ვცდები, ნინო გვენეტაძე უნდა გადამეყენებინა, რაც სრული აბსურდია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსამართლე ნინო გვენეტაძის გათავისუფლების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არის სრული აბსურდი, ტყუილია “, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ეს გაგრძელებაა იმ ზეწოლის, რაც წლებია, მიმდინარეობს სასამართლოზე, უსაფრთხოების სამსახურზე, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროზე.
„არ ვიცი, ისეთი რაღაცები დამაბრალეს, მოიგონეს, თითქოს თათბირებს ვატარებდი, ვკრებდი ხალხს და თუ არ ვცდები, ქალბატონი ნინო გვენეტაძე უნდა გადამეყენებინა. თავად ნამდვილად არ მინახავს სიუჟეტი, რაც მითხრეს. ეს კონტექსტი იყო, რომელიც გადაიცა „ტვ პირველზე“. ეს არის აბსურდი, ტყუილი. არასოდეს ყოფილა ასეთი რაღაც. როგორ უნდა დამებარებინა გენპროკურორი, მოსამართლეები, თუ არ ვცდები, მოსამართლეებიც იყვნენ ნახსენები, ირაკლი შოთაძე იყო ნახსენები, რომელიც აღარ მუშაობდა და უკვე არანაირ თანამდებობაზე არ იყო. ეს არის სრული აბსურდი, ტყუილია. წლებია, რატომღაც გრძელდება ზეწოლა სასამართლოზე, უსაფრთხოების სამსახურზე, პროკურატურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ვფიქრობ, ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი და შეიძლება, ხვალ კიდევ მოიგონოს რაღაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.