ვახტანგ გომელაური და ვლადიმერ ბორცვაძე ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.
მათ სამმართველოსთან სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა დახვდათ. უწყებაში შეხვედრა, სავარაუდოდ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმას და თავდამსხმელის ძებნის ოპერაციას უკავშირდება.
ჯერ უცნობია, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს თუ არა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელი მედიასთან კომენტარს.
21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.