ვახტანგ გომელაური - ჩვენი ვერსიით, ტერორიზმში ბრალდებულებმა ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთეს
გვაქვს ვერსიები, თუ საიდან შემოვიდნენ ტერორიზმში ბრალდებული პირები, თუმცა არ გაგვაჩნია მტკიცებულებები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, დავადგენთ, საიდან შემოვიდნენ ეს ადამიანები. რომელი ქვეყნის საზღვრიდან გადმოვიდნენ, ვერ დავასახელებთ, მაგრამ ჩვენი ვერსიით, ისინი ე.წ. მწვანე საზღვრიდან არიან გადმოსულები“, – აღნიშნა გომელაურმა.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.
შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.
ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.