ვახტანგ გომელაური - ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსპექტორთან, მივაწოდეთ ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი მინისტრმა ბათუმში გააკეთა.
ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობს.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. პირველ რიგში, ოჯახისთვის, მისი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის არის ყველაზე მძიმე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაც ეს უმძიმესი შემთხვევაა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში შსს-მ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდა.
„მინდა, ხაზი გავუსვა, ასევე ჩვენი გამომძიებლის დაკავების ფაქტს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსპექტორთან. რაც შეგვეძლო, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც მოითხოვეს. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და უსამართლოდ არ დაისჯება არც ერთ ადამიანი, ეს იქნება პოლიციის თანამშრომელი თუ მოქალაქე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.