ვახტანგ გომელაური - ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია, მაგრამ იძულებული გავხდით, ხალხისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას პროზექტურაში გადასვენების კადრები ნახა და როგორც აცხადებს, ძალიან მძიმე სანახავი იყო.
„კი, ვნახე, ძალიან მძიმე სანახავი იყო. ასევე ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი დაკრძალვის კადრებიც“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მძიმე იყო ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით ბრიფინგებზე კადრების გავრცელებაც. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ, ხალხისთვის გამოძიების საწყის ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია მიეწოდებინათ.
„პირდაპირ გეტყვით ჩემთვის ძალიან მძიმე იყო თუნდაც იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია. მერწმუნეთ, იძულებული გავხდით, არანაირი სურვილი არ გვქონდა არც მე, არც ჩემს თანამშრომლებს, ჩემს მოადგილეებს, ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და ენახათ მის ოჯახის წევრებს, დედას, შვილს.
ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კადრების გაშვება მოგვიწია, მაგრამ საზოგადოებაშიც წამოიწია საკითხმა, რომ გაგვეცხადებინა ინფორმაცია, თუ რა მოხდა, ძალიან აიწია ტემპერატურამ და უკვე იძულებული გავხდით, გაგვეცა პასუხი, რა მოუვიდა ამ ადამიანს, რა მოხდა. მთელი გუნდი ჩართული იყო და იძულებული გავხდით, სწრაფად რაც ვიმუშავეთ, ამის შესახებ ხალხისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.