ვახტანგ გომელაური - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი - 136 ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ
შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა ნარკოდანაშაულის და ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2021 წელს უწყებამ ყველაზე მეტი – 136 ნარკორეალიზატორი დააკავა.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ. ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 136 პირი; ასევე, პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 22 პირი; დაიხურა 8 ინტერნეტსარეალიზაციო მაღაზია; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა – გამკაცრდა სასჯელი ნარკორეალიზატორების მიმართ. ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, სასჯელის სახით 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში – 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.