ვახტანგ გომელაური - ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები, რა დროსაც დავაკავეთ
ვახტანგ გომელაური - ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები, რა დროსაც დავაკავეთ

ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები, რა დროსაც დავაკავეთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ღიად ვერ ისაუბრებს.

„ვმუშაობთ. მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც მას ეხმარებოდა და გადაჰქონდა ტვირთი, რომელშიც აკრძალული ნივთები იყო. გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ბოდიშს გიხდით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.