ვახტანგ გომელაური - არც ერთი ადამიანი აღარ არის დაკარგული და სამუშაოები დროებით შეჩერდება, მშენებლებმა უნდა მოგვცენ ნებართვა სამუშაოების გაგრძელებაზე
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე არც ერთი ადამიანი აღარ არის დაკარგული და სამუშაოები დროებით შეჩერდება, მშენებლებმა უნდა მოგვცენ ნებართვა სამუშაოების გაგრძელებაზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისი თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კიდევ არსებობდეს შენობის ჩამოშლის საფრთხე.
„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ცხრა ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არის სამი არასწრულწლოვანი, 7 წლის, 1.3 წლის და 12 წლის ბავშვები. ყველას ოჯახს ვუსამძიმრებ. უმძიმესი დღეებია. რამდენიმე წუთის წინ ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, დაკარგული უკვე არც ერთი ადამიანი აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს, ხედავთ, რომ სინკარები, ბეტონები გადმოწეულია და სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ჩამოხსნა, ექვემდებარება თუ არა დემონტაჟს, მშენებლები გადაწყვეტენ.
დაკავებულია სამი ადამიანი და გამოძიება გრძელდება. რთულია საუბარი, უნდა ინახოს საძირკველში რა მოხდა, რამ გამოიწვია ნგრევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაჩერებთ სამუშაოებს რაღაც დროის განმავლობაში, რომ მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, გავაგრძელოთ მუშაობა, თუ არა, რათა ჩვენმა მუშაობამ არ გამოიწვიოს ნგრევა და კიდევ არ ჩამოიშალოს მეორე კორპუსი“, – განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, უკანონო მიშენებები არის სერიოზული პრობლემა მთელ საქართველოში.
„უკანონო მიშენებები არის სერიოზული პრობლემა არა მხოლოდ ბათუმსა და თბილისში, არამედ მთელ საქართველოში, ბევრ ქალაქში, ქუთაისში, ზუგდიდში და ბევრგან. მიშენებები ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სეისმოლოგიურად ვერ შევაფასებ, რამდენ ბალზე რა მოუვა. რთულია. ასეთი პრობლემები მთელ თბილისში გვაქვს.
პასუხისმგებლობა არის ყველასი, მათ შორის მოქალაქეებისაც. 90-იანი წლებიდან დაწყებული, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხდება“, – აღნიშნა გომელაურმა.
ამასთან, მისივე თქმით, ადგილზე დარჩებიან სამართალდამცველები.
„სავარაუდოდ, ეს ქუჩა გადაიკეტება, რომ ხალხმა არ იმოძრაოს. ბარიერი გაკეთდება უკანა ეზოშიც, რათა ხალხი არ შევიდეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან რვა გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც, ექიმების შეფასებით, არის მძიმე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.