ვახტანგ გომელაური - არანორმალური საქციელია, როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და კეტჩუპს ასხამენ, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, ამას არავის ვაპატიებთ
ვახტანგ გომელაური - არანორმალური საქციელია, როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და კეტჩუპს ასხამენ, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, ამას არავის ვაპატიებთ

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც მართლა დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ, ეს ადამიანები გარეთ არიან, რათა ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სამართალმცველების მისამართით შეურაცხყოფებს ეხებოდა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამართალდამცველების შეურაცხყოფა არის ძალიან ცუდი შემთხვევა და მიუღებელია.

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. დგანან იქ და ტუალეტის ქაღალდებს ესვრიან, ფქვილს აყრიან და კეტჩუპს ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი, რა დავარქვა ამ ქმედებას. ეს არის ყოვლად არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები დაისჯებიან მკაცრად და ყოველთვის ასე იქნება. ამას არ ვაპატიებთ არასდროს“, – განაცხადა გომელაურმა.