ვახტანგ გომელაური - არ არსებობენ კორუფციულ დანაშაულში ჩართული ხელშეუხებელი პირები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუს-ი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომზე განაცხადა, სადაც დეპუტატების სუს-ის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა, საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ანტიკორუფციული საქმიანობა მიმართული იყო სამოხელეო დანაშაულის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის წინააღმდეგ.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გასული წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 62 საქმეზე, საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 61 პირი, სისხლის სამართლის 41 საქმეზე. ბოლო პერიოდში კორუფციის წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა, ნათლად დაგვანახა, რომ აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირების მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია საკმაოდ მკაცრია და არ არსებობენ ამ დანაშაულში ჩართული ხელშეუხებელი პირები”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.