ვახტანგ გომელაური - ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გარშემო დღეს არ შემიძლია ბევრ რამეზე საუბარი, მაგრამ ალბათ მოვა დრო, როდესაც ყველაფერს ფარდა აეხდება
ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი იყო, თუმცა არ აღმოჩნდა ვარგისიანი, რათა შედარება მომხდარიყო სხვა თითის ანაბეჭდთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისივე თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ხდება დნმ-ის აღმოჩენა, ხოლო თითის ანაბეჭდი გამოუსადეგარია ექსპერტიზისთვის.
„თითს ანაბეჭდზე ამომწურავ პასუხს ალბათ ექსპერტიზა გაგცემთ. მე არ ვარ ექსპერტი, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამოდის დნმ. თითის ანაბეჭდი იყო, თუმცა იყო უვარგისი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. ხდება, როცა თითის ანაბეჭდი არ არის ვარგისიანი, რათა მოხდეს დადარება სხვა თითის ანაბეჭდთან. მე როგორც ვიცი, ჩემთვის როგორც ცნობილია, არ აღმოჩნდა ვარგისიანი. მე ექსპერტი არ ვარ და ზუსტად ვერ აგიხსნით, ამიტომ ექსპერტიზამ უნდა ახსნას ეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ყველა კითხვაზე პასუხს პროკურატურა გასცემს და მას ახლა ბევრ დეტალზე საუბარი არ შეუძლია.
„რაც შეეხება ხელყუმბარას, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, ჩვენ ვიტყვით, რომ კი ჩვენ შევიტანეთ ხელყუმბარა? რა თქმა უნდა იყო, ჰქონდათ ყუმბარა. პროკურატურა იძიებს და ვერ ვიტყვი ღიად, არ შემიძლია ბევრ რაღაცაზე საუბარი, თუმცა, ძალიან მინდა, ბევრი დეტალი მოვყვე. დრო მოვა ალბათ, როდესაც ყველაფერს ფარდა აეხდება, ეს გამოძიებაც რომ დასრულდება. არ ვგულისხმობ ხელყუმბარის შეტანა-გამოტანის თემას. ამას პროკურატურა დადებს – ხელყუმბარა შეიტანეს თუ არა, ჰქონდა თუ არა ანაბეჭდი, იყო დნმ თუ არა, თუმცა, რაც შეეხება დაკავებას, იყვნენ თუ არ იყვნენ ის ადამიანები ბრალდებულები, ამას ყველაფერს აეხდება ფარდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დღესვე გამეხსნა ეს თემა და ხალხისთვის მეჩვენებინა თუ რა მოხდა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ე.წ. ტერორიზმის საქმეში უამრავი მტკიცებულებაა.
„ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. ეს ერთ-ერთი თემაა, რომელზეც ვერ ვისაუბრებ ახლა და რომელსაც ფარდა აეხდება, თუ რას გეგმავდნენ საქართველოში, თბილისში. მაგრამ არ მაქვს ამაზე საუბრის უფლება. ამ თემაზე მარტო კადრები არ არის, იქ უამრავი მასალაა. კადრებიც არის და უამრავი მტკიცებულებაა – ტელეფონის ზარები, კონტაქტები, მისი აღებული ნომრები და უამრავი რაღაც, რომელზეც ღიად ვერ ვსაუბრობ, თუმცა იმედია, ოდესმე გასაჯაროვდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.