ვახტანგ გომელაური - ახლაც და არჩევნების დამთავრებამდეც, ყველა საქმეზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება
ვახტანგ გომელაური - ახლაც და არჩევნების დამთავრებამდეც, ყველა საქმეზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება

ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ახლაც და არჩევნების დამთავრებამდეც, ყველა საქმეზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას ზემოქმედებასა და ძალადობრივ ქმედებებს შეეხებოდა.

მინისტრის თქმით, არც ახლა და არც გასული წლების წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რაზეც პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია.

„წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ. ალბათ ერთ არჩევნებს ვერ დამისახელებთ, რომ არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები, როცა თავდასხმა ხდება, არ იძიებს პოლიცია, ჩართულია მმართველი ძალა, ხელისუფლება და ა.შ. ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება, არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად, არ მოხდა მათი გამოკითხვა და ა.შ. ვერც 2018 წელს, ვერც 2016-ში და ვერც ადრე. რეაგირება რა თქმა უნდა ხდება, თუმცა მათი დასჯა იმის მიხედვით ხდება, როგორც ამას სასამართლო შეაფასებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ახლაც და არჩევნების დამთავრებამდეც, ყველა საქმეზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტები მინისტრისგან ასევე დაინტერესდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის საქმეებზე. გომელაურის თქმით, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ შსს-მ ამაზე რეაგირება არ მოახდინა.

„ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ ჩვენ რეაგირება არ მოვახდინეთ, არ დავიბარეთ, არ გამოვკითხეთ და ა.შ. ეს არ არის მარტივი თემა, ჩვენთან ერთად პროკურატურაც ჩართულია და გვინდა, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ეს თემა. ეს ძალიან მძიმე თემაა, როდესაც ემუქრებიან და ასე აშანტაჟებენ“, – აღნიშნა მან.