ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ოპერატიული სამსახური მუშაობს, რათა ბადრი ესებუა რაც შეიძლება, სწრაფად დააკავონ
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ოპერატიული სამსახური მუშაობს, რათა ბადრი ესებუა რაც შეიძლება, სწრაფად დააკავონ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამართულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის კითხვას ზუგდიდში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ღონისძიებაზე უპასუხა, რომ ამაყია აღნიშნული ოპერაციის მაღალ დონეზე ჩატარების გამო, რადგან ზუგდიდში არავინ დაშავდა.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, ოპერატიული სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას, საქმეზე ბრალდებულის, ბადრი ესებუას დაკავების მიზნით.

„მე არ ვიცი, ბატონო ალეკო, რამდენად ერკვევით თუნდაც ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებაში. ეს კარგად ჩატარდა თუ ცუდად ჩატარდა, ასე რომ აფასებთ. მერწმუნეთ, კარგად ვერკვევი, რვა წელი ვიმუშავე ამ მიმართულებით. არ მინდა, ჩემს თავზე ვისაუბრო, მაგრამ მიწევს სამწუხაროდ. ოპერაცია იყო ძალიან კარგად, მაღალ დონეზე ჩატარებული. მე თვითონ მაქვს ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა მიღებული, ძალიან კარგად ვიცი ეგ საქმე, ამერიკაში ვიყავი სწავლებაზე, ათი კურსი მაქვს გავლილი, არა ორდღიანი და სამდღიანი სემინარები, არამედ სამთვიანი და ოთხთვიანი ანტიტერორისტული კურსები.

იქ თემა, რაც იყო, საშიში იყო, რომ ადამიანები დაღუპულიყვნენ. მე ნამდვილად ამაყი წამოვედი იქიდან და არა ის, რომ ნამუსი მაწუხებს, მე რომ აქ ვზივარ, ახლა, ესებუას თემიდან გამომდინარე კიდევ მინისტრი უნდა ვიყო თუ არა. პირიქით, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ არც ერთი ადამიანი არ დაშავდა, არავის ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდა. ამაზე მე თამამად შემიძლია, ვისაუბრო, თუმცა, დაკავებული რომ არ არის, ეს მეორე თემაა, ოპერატიული სამსახური მუშაობს მაქსიმალურად, რომ რაც შეიძლება, სწრაფად დავაკავოთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.