ვახტანგ გომელაური - 7-8 მარტის აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი. მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევაც, სამწუხაროდ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება აწარმოებს და სამინისტრო მათთან აქტიურად თანამშრომლობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას და სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს. უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სპეციალურ საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, მივაწოდეთ მათ მიერ მოთხოვნილი ყველა მასალა და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.