ვახტანგ გომელაური - 5 ივლისს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, პირდაპირ ვამბობ, ნამდვილად არ განგვიხილავს, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა, ამას ვერ წარმოვიდგენდით
ვახტანგ გომელაური - 5 ივლისს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, პირდაპირ ვამბობ, ნამდვილად არ განგვიხილავს, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა, ამას ვერ წარმოვიდგენდით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 5 ივლისს ცუდი ფაქტი მოხდა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელია.

„სამწუხაროდ, ძალიან ცუდი რამ მოხდა. არასოდეს არ მომხდარა ასეთი რაღაც, რომ ამა თუ იმ ჯგუფს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყვნენ, ამ შემთხვევაში იყო „ალტ-ინფო“ და სხვა მოსახლეობა, რომელიც იყო გამოსული, ჟურნალისტებზე გამოეხატოთ აგრესიული ძალადობა, რაც არის ყოვლად მიუღებელი. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მინდა, ხაზი გავუსვა, ეს არ იყო მარტო ვთქვათ, ბრჭყალებში ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებზე, იყო ყველაზე. ელემენტარულად, ფოტოგრაფი, რომელსაც არანაირი ნიშანი არ ჰქონდა, არც ტელევიზიის, ისიც კი სცემეს და ფიზიკურად იძალადეს. ძალიან ცუდი ფაქტი იყო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, დაახლოებით რვა ლოკაციაზე იყვნენ პოლიციელები პატარ-პატარა ჯგუფებად გაშლილი. გომელაურის თქმით, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა.

„აგრესია შეიძლება, მომხდარიყო მსვლელობაზე, სადაც შეიკრიბებოდნენ ეს ადამიანები. ჩვენი მთელი პოლიციის ძალები, უმეტესობა გადასროლილი იყო ფილარმონიასთან, ვერის ბაღში და ა.შ. რომ იქ არ მომხდარიყო შეტაკება და სულ ცოტა კედელი აღგვემართა, თუ გაგვეყვანა ეს ადამიანები იქიდან. აქედან გამომდინარე, სპონტანურად მოხდა რამდენიმე ადგილზე ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა. კიდევ ხაზს ვუსვამ, მესმის, ჩვენი გასაკეთებელი იყო, მე არავის ვაბრალებ, არც თავს ვიმართლებ, ძალიან ცუდი ფაქტი იყო, პირდაპირ ვიძახი, ნამდვილად არ განგვიხილავს, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა და ასეთი რაღაცა, მითუმეტეს ფიზიკური ზეწოლა. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით და არ განგვიხილავს ეს ფაქტი.

იმედია, მომავალში აღარ მოხდება ეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მითუმეტეს ჟურნალისტებსა და პრესაზე ასეთი რაღაც არ განმეორდეს. მაგრამ ღიად ვამბობ, არც თავს ვიმართლებ, არც არაფერს, მთელი აქცენტი გადატანილი იყო ლგბტ მიმართულებაზე, რომ იქ არ მომხდარიყო ამ აგრესიული მასის მიერ მათი ცემა, თავდასხმა და ა.შ. სამწუხაროდ, მოხდა ეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.